იდეის შესახებ
რატომ გაგვიმეტა ერის მამამ ასე ულმობლად?
იმ დროებაში მხოლოდ ასეთი ყბაში დაუნდობელი შემორტყმით შეიძლებოდა ერის გამოფხიზლება, გონზე მოყვანა. ასორმოცი წლის შემდეგ რამდენად უკეთესები ან უარესები ვართ? გამოვიღვიძეთ თუ ისევ საღათას ძილსა ვართ მიცემულნი? არის თუ არა დღესაც აქტუალური კითხვები: ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, სად ვართ, საით გვაქვს გზანია? რა თქმა უნდა არის. მაშინ მოდით, ყველამ ერთად გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. უნდა მოვიცვათ ჩვენი ცხოვრების ყველა დროება და ყველა სფერო, მორიდების გარეშე, ობიექტურად, სამართლიანად, უემოციოდ, ცივილიზებულად განვსაჯოთ, შევაფასოთ, დავაფასოთ, ჭეშმარიტების სასწორზე ავწონ-დავწონოთ, მისხალ-მისხალ გავარჩიოთ ჩვენი წარსულიც და დღევანდელობაც, საქებარი შევაქოთ, მოსაკვეთი მოვკვეთოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვიპოვოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც ბოლოს და ბოლოს საშველს დაგვაყენებს... ეს ნეიტრალური მინდორია, კარი ყველასათვის ღიაა, განურჩევლად პოზიცია-ოპოზიციონერობისა, პარტიულ-უპარტიობისა, სოციალური მდგომარეობისა, ცენზისა. თემები შეუზღუდავია. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია წამოჭრას ნებისმიერი აქტუალური საკითხი, გააკეთოს კომენტარები, შეფასებები. ერთადერთი მოთხოვნაა სამართლიანობა და ობიექტურობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, მოსმენა, მოთმენა და მხოლოდ ფაქტებით, საბუთებით, არგუმენტებით, აზრით პაექრობა. ყველა დროში იყო აზრთა თუ ძალთა ჭიდილი. როგორც წესი, ყველას თავისი თავი მიაჩნია მართლად, მაგრამ მხოლოდ გაწეული ღვაწლის მიხედვით დროთა განმავლობაში ხალხი უწოდებდა დამსახურებულად ზოგს აღმაშენებელს, ზოგს ბრწყინვალეს, ზოგს თავდადებეულს, ზოგს ერის მამას, ხოლო ზოგს ავს და ქვეყნის მაოხარს, სამშობლოს მოღალატეს და ა.შ. ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში იმდენი უბედურება დატრიალდა, იმდენი იმედგაცრუება გვხვდა წილად, იმდენჯერ გავიმეორეთ ჩვენს თავსავე გადანახედი შეცდომები და ჭკვა მაინც ვერ ვისწავლეთ, რომ ბუნებრივად ისმის ჩვენს საზოგადოებაში კითხვა: როდემდე? რა ვქნათ? ვიღას ვერწმუნოთ? იქნებ მართლაც შეჩვეული ჭირი სჯობია? დიახ საზოგადოება დღეს დაბნეულია, დიახ, კაცი ჭირსაც ეჩვევა, ან იქნებ სულაც არა გვჭირს ჭირი, ეს “ბოროტი ენების“ მოგონილია და ცხოვრება მართლაც მშვენიერია? ამ კითხვებსაც ერთად უნდა გავცეთ პასუხი თითოეულმა ჩვენთაგანმა. ნუ დაველოდებით, რომ სხვა იტყვის ჩვენს სათქმელს, სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა აქამდე, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება... ამიტომ ცოტა წინ გავიხედოთ, შევიმუშაოთ საუკეთესო ქვეყნის მოდელი და მისი ხორცშესხმისათვის ქუდზე კაცს დავუძახოთ. შალვა გივიშვილი |