საზოგადოებრივი საკრებულო “დროება”
ძველი დროება მზადდება
ჩვენ არ განგვიზრახავს საქართველოს მთელი ისტორიის წარმოჩენა. აქ თავი უნდა მოვუყაროთ იმ მოვლენებსა და დოკუმენტებს, რომელიც გამოგვადგება როგორც კარგ, ისე ცუდ მაგალითად, რომ გავითვალისწინოთ და თავიდან ავირიდოთ შემდგომი შეცდომები. ძველი დროება მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან 1921 წლამდე, საქართველოს გასაბჭოებამდე. ამასთანავე ჩვენი მიზანია გამომავავლინოთ და გადავურჩინოთ შთამომავლობას ოჯახებში დღემდე შემონახული იმ დროების წერილობითი, ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალა. ბოლშევიკურ-კომუნისტური დროება- მზადდება
ვისთვის საგინებელი და ვისთვის სანატრელი. რეალურად საბჭოთა კავშირი ეკლიან მავთულ-შემოვლებული ციხე იყო, სადაც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისათვის სხვადასხვა რეჟიმი არსებობდა: მძიმე, მსუბუქი, თავისუფალი მიმაგრების, პრიორიტეტული და სხვა. აურაცხელია იმ რეჟიმის ცოდვები, მაგრამ იმავე დროებაში თქვეს თავისი ღირსეული სიტყვა ჩვენმა უახლოესმა წინაპრებმა ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში. შევინარჩუნეთ დედა ენა, გავაღვივეთ პატრიოტული გრძნობები, ეროვნული ცნობიერება მაღალ ხარისხში ავიყვანეთ. იმას მივაღწიეთ, რომ კოლონიაში (საქართველო) ცხოვრების დონე ბევრად მაღალი ყოფილიყო, ვიდრე მეტროპოლიაში (რუსეთი). როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ის ჩვენი ისტორიაა, რომელსაც ვერ გავექცევით. ჩვენ უნდა შევქნათ იმ დროების ობიექტური სურათი, რათა დავინახოთ თუ რამდენად შორს წავედით, ან პირიქით, დავუახლოვდით განვლილი ოცი წლის განმავლობაში... გამსახურდიას დროება
ერთი გაელვება იყო მისი ყოფნა ხელისუფლებაში ქვეყნის მეთაურად. დღეს უმეტესად ლაპარაკია მის მიერ შექმნილ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მუხტზე, მის უკანონო დამხობაზე და შემდეგ სიკვდილზე, მაგრამ თითქმის არ ხდება მისი მმართველობის პერიოდის ანალიზი, შეფასება. იმ მიზეზების კვლევა, თუ როგორ მოექცა ქვეყანა თვითიზოლაციაში, როგორ წავიდა დაღმართში თავპირისმტვრევით ქვეყნის ეკონომიკური მანქანა, როგორ გაირიყა “წითელი ინტელიგენცია” და რა იოლად, გაუცნობიერებლად იკიდებოდა იარლიყი “აგენტის”, “ქვეყნის მოღალატის”, როგორ მივიდა სამოქალაქო დაპირისპირება სისხლის ღვრამდე და ვის რა ბრალი მიუძღვის ამაში. კიდევ ბევრი როგორ და რატომ ითხოვს პასუხს... სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია მეხსიერებაში იმ დროების მოგონებები, არსებობს დოკუმენტები, თავი უნდა მოვუყაროთ, შევაჯეროთ და სათანადო დასკვნები გავაკეთოთ, რათა დღევანდელ და მომავალ დროებაში მაგალითად გვქონდეს. შევარდნაძის დროება
“რატომ ვარ იუდა...” ერთხელ ამ კითხვით მოგვმართა თავად შევარდნაძემ. მოდით ერთად გავცეთ ამ კითხვას პასუხი, ანდა პირიქით... დავასაბუთოთ, რომ იუდა კი არა ქვეყნის მხსნელი და გადამრჩენია. რას მეტყველებენ ფაქტები? ხელისუფლებაში მოვიდა სისხლიანი გადატრიალების ტალღაზე. მისი დროების მნიშვნელოვანი პერიოდი ძალზე შავბნელი იყო ქვეყნისათვის. მის ხელში მაღალ ხარისხში ავიდა ქვეყნის ტოტალური ნგრევა-განადგურება, კორუფციის გაფურჩქვნა, დამყარდა კლანური მმართველობა. მისი უგუნურობისა და უუნარობის წყალობით დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. მაგრამ მანვე შექმნა ახალგაზრდა კადრების სამჭედლო, სადაც გამოჭედა დღევანდელი ხელისუფალნი... სააკაშვილის დროება
ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაც აღიარებს, ვიღაც არა, მაგრამ ფაქტია, ამჯერად სააკაშვილის დროებაა, ვარდისფერი, აღტკინებული, იმპულსური, ოპოზიციურ-პოზიციური და უპოზიციო-ოპოზიციური. ჯერ კიდევ დაუდუღებელი, შეუცნობელი. ვიღაცამ თქვა, ეს კაცი ან სულ აგვაშენებს, ან სულ დაგვაქცევსო. ერთნი გვეუბნებიან ცხოვრება მშვენიერიაო, მეორენი გაიძახიან უფსკრულში ვიჩეხებითო. ჰოდა ვიწვევთ ყველას, ვისაც სიტყვა ეთქმის, ვისაც გული ერჩის, რათა შევქმნათ დღევანდელობის ობიექტური სურათი და გამოვიტანოთ ფართო საზოგადოების სამსჯავროზე. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი... მომავლის დროება (დროებით გათიშულია)
განიხვნენ ღრუბელნი და გაბრწყინდა მზე იგი საქართველოისი... როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ უახლოეს თუ შორეულ მომავალში ჩვენ, ჩვენმა შთამომავლებმა? მოდით "მომავალ დროებაში" შევქმნათ ყველამ ერთად ისეთი საქართველოს მოდელი, სადაც ბედნიერად იგრძნობს თავს მისი თითოეული მოქალაქე, რომელსაც ეკავება ღირსეული ადგილი მსოფლიო სივრცეში. შევიმუშაოთ ასეთი საქართველოს მისადაგარი განვითარების სტრატეგია, პროგრამა, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, რეფორმების პროგრამები, პროექტები. ფართო საზოგადოებამ აქ უნდა დაინახოს არა მარტო მიზანი, არამედ ამ მიზნისკენ მიმავალი გზებიც, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა როგორც დღევანდელობის, ისე მომავლის წინაშე და გაიღოს შესაბამისი წვლილი... |
შენიშვნა: ეს პორტალი რაც გაკეთდა (2009-2012), მისი გადაწყობა აღარ მომხდარა და ამიტომ სააკაშვილის დროება როგორც მიმდინარე მომენტი, ისეა ასახული და ამან გაუგებრობაარ გამოიწვიოს.
ამ პორტალმა თავისი მისია მეტნაკლებად შეასრულა და გარკვეული როლი ითამაშა საზოგადოების გაცნობიერებაში, შეიტანა გარკვეული მუხტი, რისი გამოხატულებაც იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები.
2013 წელში "დროების" გუნდი გადაერთო მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, მაგ.: იყიდება საქართველო, და სხვა. რესურსი მეტზე არ გაგვყვა, თუ მხარდაჭერა იქნა, არანაკლებ საინტერესო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება წინ გველის და ისევ სიამოვნებით განვაახლებდით მუშაობას ამ მიმართულებით.
ამ პორტალმა თავისი მისია მეტნაკლებად შეასრულა და გარკვეული როლი ითამაშა საზოგადოების გაცნობიერებაში, შეიტანა გარკვეული მუხტი, რისი გამოხატულებაც იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები.
2013 წელში "დროების" გუნდი გადაერთო მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, მაგ.: იყიდება საქართველო, და სხვა. რესურსი მეტზე არ გაგვყვა, თუ მხარდაჭერა იქნა, არანაკლებ საინტერესო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება წინ გველის და ისევ სიამოვნებით განვაახლებდით მუშაობას ამ მიმართულებით.